თავი 14
ადამიანებს არასდროს არაფერი შეუცნიათ ღვთის სიტყვებიდან. ნაცვლად ამისა, ისინი მხოლოდ „აფასებენ“ ღვთის სიტყვების ზედაპირს, მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაგების გარეშე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმეტესობას მოსწონს მისი სიტყვები, ღმერთი შენიშნავს, რომ ისინი სინამდვილეში სათუთად არ ეპყრობიან მათ. ღვთის თვალთახედვით, ამის მიზეზი ის არის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიტყვები საუნჯეა, ადამიანებს არ უგემიათ მათი ჭეშმარიტი სიტკბო. ამგვარად, მათ მხოლოდ ფუჭი ილუზიებით შეუძლიათ საკუთარი წყურვილის მოკვლა, რითაც თავიდან იშორებენ თავიანთ ხარბ გულებს. ღვთის სული არა მხოლოდ მოქმედებს ყველა ადამიანს შორის, არამედ მათ, რა თქმა უნდა, ენიჭებათ გაბრწყინება ღვთის სიტყვიდან; უბრალოდ, ისინი მეტისმეტად უყურადღებონი არიან საიმისოდ, რომ ჭეშმარიტად შეძლონ მის არსში წვდომა. ადამიანთა გონებაში სწორედ ახლაა ის ეპოქა, რომელშიც სასუფეველი სრულად ხორციელდება, მაგრამ არსებითად ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რასაც ღმერთი წინასწარმეტყველებს, არის ის, რაც მან აღასრულა, რეალური სასუფეველი ჯერ კიდევ არ არის სრულად მოსული დედამიწაზე. ნაცვლად ამისა, კაცობრიობის ცვლილებასთან, საქმის წინსვლასთან და აღმოსავლეთიდან ნათების გამოსვლასთან ერთად — ანუ, ღვთის სიტყვის გაღრმავებასთან ერთად — სასუფეველი ნელ-ნელა დამკვიდრდება დედამიწაზე, თანდათანობით, მაგრამ სრულად გადმოვა ამ სამყაროზე. სასუფევლის მოსვლის პროცესი ასევე არის დედამიწაზე ღვთაებრიობის მოქმედების პროცესი. ამავდროულად სამყაროში ღმერთმა დაიწყო საქმე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ აღსრულებულა: დედამიწის მთლიანად ხელახლა მოწყობა. მაგალითად, სამყაროში უზარმაზარი ცვლილებები მიმდინარეობს, მათ შორის ცვლილებები ისრაელის სახელმწიფოში, სახელმწიფო გადატრიალება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცვლილებები ეგვიპტეში, ცვლილებები საბჭოთა კავშირში და ჩინეთის დამხობა. როდესაც მთელი სამყარო დაწყნარდება და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, სწორედ მაშინ დასრულდება ღვთის საქმე დედამიწაზე; სწორედ მაშინ მოვა სასუფეველი დედამიწაზე. ეს არის სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა: „როდესაც მსოფლიოს ყველა ერი დაიშლება, სწორედ მაშინ დამკვიდრდება და ჩამოყალიბდება ჩემი სასუფეველი, მაშინვე გარდავისახები მეც და მთელი სამყაროსკენ შემოვბრუნდები.“ ღმერთი არაფერს უმალავს კაცობრიობას; იგი განუწყვეტლივ ეუბნება ადამიანებს თავისი მთელი სიუხვის შესახებ — თუმცა მათ არ შეუძლიათ, გაიგონ, რას გულისხმობს იგი და უბრალოდ სულელებივით იგებენ მის სიტყვას. საქმის ამ ეტაპზე ადამიანებმა შეიცნეს ღვთის შეუცნობლობა და, უფრო მეტიც, ახლა შეუძლიათ სათანადოდ შეაფასონ მისი გაგების ამოცანის სირთულე; ამ მიზეზით, მათ იგრძნეს, რომ ამ დღეებში ღვთის რწმენა ყველაზე რთული გასაკეთებელია, რაც თევზის ხმელეთზე ცხოვრების იძულების ტოლფასია. ისინი სრულიად უმწეონი არიან, ისევე, როგორც ხაფანგში გაბმული თაგვები. მართლაც, რამდენი ენერგიაც უნდა ჰქონდეს ადამიანს ან რაოდენ ოსტატურიც უნდა იყოს მისი უნარი, ან თუნდაც უსაზღვრო შესაძლებლობებს ფლობდეს, როდესაც საქმე ღვთის სიტყვას ეხება, ასეთი რამეები უსარგებლოა. თითქოს კაცობრიობა ღვთის თვალში მხოლოდ დამწვარი ქაღალდის ფერფლის გროვაა — სრულიად მოკლებული ყოველგვარ ღირებულებას, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმე სარგებელზე. ეს არის ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის სრულყოფილი ილუსტრაცია: „მათი თვალათახედვიდან გავხდი მე სულ უფრო მეტად დაფარული და სულ უფრო მეტად შეუცნობელი.“ აქედან ნათელია, რომ ღვთის საქმე ბუნებრივ კალაპოტს მიჰყვება და სრულდება იმის მიხედვით, რისი აღქმაც ადამიანურ შესაძლებლობებს ძალუძს. როდესაც კაცობრიობის ბუნება მტკიცე და შეურყეველია, ღვთის მიერ წარმოთქმული სიტყვები სრულად შეესაბამება მათ წარმოდგენებს და ეს წარმოდგენები თითქმის ისე მოჩანს, თითქოს ღმერთთან თანხვედრაში იყოს, ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ეს ადამიანებს გარკვეულწილად აცნობიერებინებს „ღვთის პრაქტიკულობას“, მაგრამ ეს არ არის მისი მთავარი მიზანი. ღმერთი აძლევს ადამიანებს დამშვიდების საშუალებას, ვიდრე ფორმალურად დაიწყებს თავის ჭეშმარიტ საქმეს დედამიწაზე. ამიტომ, ამ დასაწყისის მიმდინარეობისას, რომელიც ასე დამაბნეველია ადამიანებისთვის, ისინი აცნობიერებენ, რომ მათი წინანდელი იდეები მცდარი იყო და რომ ღმერთი და კაცობრიობა ისევე განსხვავდებიან, როგორც ცა და მიწა, და სრულიად არ გვანან ერთმანეთს. რადგან ღვთის სიტყვების შეფასება აღარ შეიძლება ადამიანური წარმოდგენების საფუძველზე, ადამიანებმა მყისიერად დაიწყეს ღმერთზე სხვაგვარად ყურება; შედეგად, ისინი გაოცებით შეჰყურებენ ღმერთს, თითქოს პრაქტიკული ღმერთი ისეთივე მიუწვდომელი იყოს, როგორც უხილავი და ხელშეუხებელი ღმერთი, და თითქოს განკაცებული ღვთის ხორცი მხოლოდ გარეგნული გარსი იყოს, მისი არსისგან დაცლილი. თითქოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი სულის განკაცებაა, მას ნებისმიერ დროს შეუძლია სულის ფორმაში გადაქცევა და გაფრენა; ამიტომ ადამიანებს გარკვეულწილად ფრთხილი აზროვნება ჩამოუყალიბდათ. ღმერთის ხსენებისას, ისინი მას თავიანთი წარმოდგენებით ამკობენ და ამტკიცებენ, რომ მას შეუძლია ღრუბლებსა და ნისლზე ამხედრება, წყალზე სიარული და ადამიანთა შორის მოულოდნელად გამოჩენა და გაუჩინარება. ზოგიერთ სხვას კიდევ უფრო აღწერილობითი ახსნა-განმარტებები აქვს. ადამიანთა უმეცრებისა და გამჭრიახობის ნაკლებობის გამო, ღმერთმა თქვა: „როდესაც მათ სჯერათ, რომ წინააღმდეგობა გამიწიეს ან დაარღვიეს ჩემი ადმინისტრაციული განკარგულებები, მე მაინც თვალს ვხუჭავ ამაზე.“
ღმერთი შეუმცდარი სიზუსტით ამხელს კაცობრიობის მახინჯ სახესა და მათ შინაგან სამყაროს, ისე, რომ ოდნავადაც არ აცილებს მიზანს. შეიძლება ითქვას ისიც, რომ იგი არასდროს უშვებს რაიმე შეცდომას. ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადამიანებს სრულად არწმუნებს. ღვთის საქმის მიღმა არსებული პრინციპის გამო, მისი მრავალი სიტყვა და საქმე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომლის წაშლაც რთულია, და ამიტომ ადამიანები თითქოს კიდევ უფრო ღრმად შეიცნობენ მას, თითქოს მათ მასში უფრო ძვირფასი რამეები აღმოაჩინეს. „მათ მეხსიერებაში მე ვარ ან ღმერთი, რომელიც წყალობას იჩენს ადამიანთა მიმართ ნაცვლად მათი გაკიცხვისა, ან თავად ის ღმერთი, რომელიც საკუთარ სიტყვას არ ასრულებს. ყოველი ეს წარმოსახვანი ადამიანური აზროვნების მიერ შობილი ფანტაზიაა და ისინი არ შეესაბამება ფაქტებს.“ მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას არასოდეს მიუნიჭებია რაიმე მნიშვნელობა ღვთის ჭეშმარიტი სახისთვის, მათ საკუთარი ხუთი თითივით იციან „მისი ხასიათის გვერდითი მხარე“; ისინი ყოველთვის ეძებენ ნაკლოვანებებს ღვთის სიტყვებსა და ქმედებებში. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ყოველთვის ესოდენ მზად არიან, ყურადღება მიაქციონ უარყოფით რამეებს და უგულებელყონ დადებითი, და უბრალოდ ზემოდან უყურებენ ღვთის საქმეებს. რაც უფრო მეტს ამბობს ღმერთი, რომ იგი თავმდაბლად იმალება თავის სავანეში, მით უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს მას კაცობრიობა. ისინი ამბობენ: „თუ განკაცებული ღმერთი ყურადღებით აკვირდება კაცობრიობის ყოველ ქმედებას და გამოცდის ადამიანურ ცხოვრებას, რატომ ხდება ისე, რომ უმეტესწილად ღმერთმა არ იცის ჩვენი რეალური სიტუაციის შესახებ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთი ჭეშმარიტად დაფარულია?“ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი აკვირდება ადამიანის ყველაზე იდუმალ გულს, იგი მაინც მოქმედებს კაცობრიობის რეალური მდგომარეობების მიხედვით, და არ არის არც ბუნდოვანი და არც ზებუნებრივი. იმისათვის, რომ სრულად გაესხლა მათი ძველი ხასიათი, ღმერთმა სცადა ყველა შესაძლო მეთოდი, რათა თავისი სიტყვა სხვადასხვა პერსპექტივიდან ეთქვა: ადამიანთა ნამდვილი სახის გამოაშკარავება, მათი ამბოხების განკითხვა, ერთ წამს იმის თქმა, რომ იგი ყველას გასხლავს, და მეორე წამს იმის თქმა, რომ იგი იხსნის ადამიანთა ჯგუფს, ადამიანებისთვის მოთხოვნების წაყენება ან მათთვის გაფრთხილებების მიცემა, ზოგჯერ მათი შინაგანი სამყაროს გაანალიზება და ზოგჯერ მკურნალობის უზრუნველყოფა. ამგვარად, ღვთის სიტყვების წინამძღოლობით, თითქოს ადამიანებმა დედამიწის ყველა კუთხე მოიარეს და შევიდნენ უხვ ბაღში, სადაც თითოეული ყვავილი მეორეს ეჯიბრება სილამაზეში. რასაც უნდა ამბობდეს ღმერთი, კაცობრიობა შესაბამისად შედის მის სიტყვებში, თითქოს ღმერთი მაგნიტი იყოს, რომელიც იზიდავს ყველაფერს, რაც რკინას შეიცავს. სიტყვების წაკითხვისას: „ადამიანები ყურადღებას არ მაქცევენ, ამიტომ არც მე აღვიქვამ მათ სერიოზულად. ისინი არ მომაგებენ ყურადღებას, ამიტომ არც მე მჭირდება მათზე მეტი ძალისხმევის გაღება. განა ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ორივე მხარისთვის?“ თითქოს ღვთის მთელი ხალხი კვლავ უძირო უფსკრულში ვარდება და კვლავ მწარედ ხვდებათ გულზე მათი დამღუპველი ნაკლის გამო, რაც მათ სრულიად შოკირებულს ტოვებს. ამგვარად, ისინი კვლავ ადამიანურ წესებში ექცევიან. ისინი განსაკუთრებით დაბნეულნი არიან სიტყვებთან დაკავშირებით: „თუ ვერ შეძლებთ თქვენი მოვალეობების შესრულებას, როგორც ჩემი ხალხის წევრები სასუფეველში, მაშინ მე ზიზღით უგულებელგყოფთ!“ ადამიანთა უმეტესობა იმდენად გულნატკენია, რომ ცრემლებამდე მიდის და ფიქრობს: „მე დიდი გაჭირვებით ამოვძვერი უძირო უფსკრულიდან, ამიტომ არავითარი იმედი არ მექნებოდა, თუ კვლავ მასში ჩავვარდებოდი. ადამიანთა სამყაროში არაფერი მომიპოვებია და ჩემს ცხოვრებაში ყოველგვარი ქარიშხალი და გასაჭირი გადავიტანე. განსაკუთრებით, რწმენაში მოსვლის შემდეგ, განვიცადე საყვარელი ადამიანებისგან უარყოფა, ოჯახისგან დევნა და წუთისოფლის ხალხისგან ცილისწამება, და არ მიგემია წუთისოფლის არავითარი ბედნიერება. თუ კვლავ უძირო უფსკრულში ჩავვარდები, განა ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო ამაო არ იქნება?“ (რაც უფრო მეტს ფიქრობს ადამიანი ამაზე, მით უფრო სევდიანად გრძნობს თავს.) „ჩემი ყველა იმედი ღვთის ხელს არის მინდობილი. თუ იგი მიმატოვებს, სჯობს, ახლავე მოვკვდე... აბა, ყველაფერი ღვთის მიერ იყო წინასწარგანსაზღვრული, ამიტომ ახლა მხოლოდ ღვთის სიყვარულის ძიება შემიძლია; სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. რატომ არის ეს ჩემი ბედი?“ რაც უფრო მეტს ფიქრობენ ადამიანები ასე, მით უფრო უახლოვდებიან ღვთის სტანდარტს და მისი სიტყვების მიზანს. ამგვარად, მისი სიტყვების მიზანი მიღწეულია. მას შემდეგ, რაც ადამიანები ხედავენ ღვთის სიტყვებს, ყველა განიცდის შინაგან აზრობრივ ჭიდილს. მათი ერთადერთი არჩევანია, დაემორჩილონ იმას, რასაც ბედი კარნახობს, და ამგვარად მიიღწევა ღვთის მიზანი. რაც უფრო მკაცრია ღვთის სიტყვები, მით უფრო რთული ხდება ადამიანთა შინაგანი სამყარო ამის შედეგად. ეს ზუსტად ჭრილობაზე შეხებას ჰგავს; რაც უფრო ძლიერად ეხებიან, მით უფრო მტკივნეულია, იმ დონემდე, რომ ადამიანები სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მერყეობენ და გადარჩენის რწმენასაც კი კარგავენ. ამგვარად, მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანები ყველაზე მეტად იტანჯებიან და უიმედობის უფსკრულში არიან, შეუძლიათ თავიანთი ჭეშმარიტი გულები ღმერთს გადასცენ. ადამიანური ბუნება ისეთია, რომ იმედის ერთი ნაპერწკალიც რომ დარჩეს, ისინი არ მიმართავენ ღმერთს დახმარებისთვის, არამედ ბუნებრივად გადარჩენისთვის თვითკმარ მეთოდებს გამოიყენებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ კაცობრიობის ბუნება თვითმართალია და ადამიანები მიდრეკილნი არიან, ყველას ზემოდან უყურონ. ამიტომ, ღმერთმა თქვა: „არავის ძალუძს ჩემი სიყვარული მაშინ, როცა კომფორტშია; არავის გამოუწვდია ხელი მშვიდობისა და ბედნიერების დროს, რომ მათი სიხარული გამეზიარებინა.“ ეს ნამდვილად შემზარავად გულსატკენია; ღმერთმა შექმნა კაცობრიობა, მაგრამ როდესაც იგი მოდის ადამიანთა სამყაროში, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და თავიანთი ტერიტორიიდან მის გასაძევებლად, თითქოს იგი უბრალოდ ვინმე ობოლი იყოს, რომელიც სამყაროში დაეხეტება, ან თითქოს მსოფლიო ადამიანი იყოს სამშობლოს გარეშე. არავინ გრძნობს ღმერთთან სიახლოვეს, არავის უყვარს იგი ჭეშმარიტად და არავინ არასდროს მიგებებია მის მოსვლას. ნაცვლად ამისა, ღვთის მოსვლის დანახვისას თვალის დახამხამებაში ღრუბლები ჩრდილავს მხიარულ სახეებს, თითქოს მოულოდნელი ქარიშხალი ახლოვდებოდეს ან თითქოს ღმერთმა შეიძლება წაართვას მათ ოჯახებს ბედნიერება, და თითქოს ღმერთს არასოდეს უკურთხებია ადამიანები, არამედ მხოლოდ უბედურება მოუტანია მათთვის. ამიტომ, ადამიანთა გონებაში ღმერთს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, არამედ იგი არის ის, ვინც ყოველთვის წყევლის მათ. ამის გამო, ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მას ან არ ეგებებიან მას; ისინი ყოველთვის ცივად ეპყრობიან მას, და ეს ყოველთვის ასე იყო. რადგან ადამიანები ასეთ რამეებს ატარებენ თავიანთ გულებში, ღმერთი ამბობს, რომ კაცობრიობა მოკლებულია გონიერებასა და ზნეობრივ სამართლიანობას, და რომ მათში ვერავითარ კვალსაც კი ვერ შეამჩნევ იმ გრძნობებისა, რომლებიც თითქოს ადამიანებს უნდა გააჩნდეთ. ადამიანები უგრძნობნი არიან ღვთის მიმართ, მაგრამ ნაცვლად ამისა იყენებენ ეგრეთ წოდებულ „სამართლიანობას“ ღვთის მიმართ მოსაპყრობად. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ასეთები იყვნენ და ამიტომ თქვა ღმერთმა, რომ მათი ხასიათი არ შეცვლილა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ მუჭა ბუმბულზე მეტი სუბსტანცია არ გააჩნიათ. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები უსარგებლო და საძაგელნი არიან, რადგან ისინი არ აფასებენ საკუთარ თავს. თუ მათ საკუთარი თავიც კი არ უყვართ და ნაცვლად ამისა ფეხქვეშ თელავენ საკუთარ თავს, განა ეს არ აჩვენებს მათ უსარგებლობას? კაცობრიობა ჰგავს მეძავს, რომელიც საკუთარ თავს ეთამაშება და თვითნებურად აძლევს სხვებს უფლებას, შეურაცხყონ იგი. მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც ვერ აცნობიერებენ, თუ რაოდენ მდაბალნი არიან ისინი. ისინი სიამოვნებას პოულობენ სხვებისთვის მუშაობაში ან სხვებთან საუბარში, აქცევენ რა საკუთარ თავს სხვების კონტროლის ქვეშ; განა ეს არ არის ზუსტად კაცობრიობის სიბინძურე? მიუხედავად იმისა, რომ მე არ განმიცდია ცხოვრება კაცობრიობას შორის ან ჭეშმარიტად არ გამომიცდია ადამიანური ცხოვრება, მე ძალიან ნათლად შევიცანი მათი ყოველი მოძრაობა, ყოველი ქმედება, ყოველი სიტყვა და ყოველი საქმე. მე ისიც კი შემიძლია, რომ გავაანალიზო ადამიანები მათ უღრმეს სირცხვილამდე, იმ დონემდე, რომ ისინი ვეღარ ბედავენ საკუთარი ხრიკების ჩვენებას ან საკუთარ ვნებებზე აყოლას. ლოკოკინების მსგავსად, რომლებიც თავიანთ ნიჟარებში იმალებიან, ისინი ვეღარ ბედავენ საკუთარი სიმახინჯის გამოაშკარავებას. რადგან ადამიანები არ იცნობენ საკუთარ თავს, მათი ყველაზე დიდი ნაკლი არის სურვილი, გამოაჩინონ თავიანთი ხიბლი სხვების წინაშე, აჩვენონ თავიანთი მახინჯი სახეები; ეს არის ის, რაც ღმერთს ყველაზე მეტად სძულს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები არანორმალურია, და ადამიანებს შორის არ არსებობს ნორმალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, რომ აღარაფერი ვთქვათ მათსა და ღმერთს შორის ნორმალურ ურთიერთობებზე. ღმერთმა ამდენი რამ თქვა, და ამით მისი მთავარი მიზანი იყო ადამიანთა გულებში ადგილის დაკავება, რათა მათ შეძლონ, თავი დააღწიონ ყველა კერპს, რომლებმაც იქ დაიდეს ბინა, რითაც ღმერთს საშუალება მიეცემა, იხელმწიფოს მთელ კაცობრიობაზე და მიაღწიოს დედამიწაზე თავისი არსებობის მიზანს.