ადამიანის არსი და ვინაობა

სინამდვილეში, ისრაელიანები არ არიან იმედგაცრუებულნი; ისინი თვალს ადევნებდნენ ღვთის მიერ აღსრულებულ საქმეს გასული ექვსი ათასი წლის განმავლობაში, რადგან ისინი არ მიმიტოვებია. პირიქით, რადგან მათმა წინაპრებმა იგემეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი, რომელიც მათ ბოროტმა მისცა, მათ ცოდვის გამო მიმატოვეს. სიკეთე მუდამ მე მეკუთვნოდა, ხოლო ბოროტება ეკუთვნის ბოროტს, რომელიც ცოდვის გულისთვის მაცდუნებს. არ ვადანაშაულებ ადამიანებს, არც შეუბრალებლად ვანადგურებ და არც დაუნდობელ გაკიცხვას ვუქვემდებარებ, რადგან ბოროტება თავდაპირველად არ ეკუთვნოდა კაცობრიობას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ ისრაელიანებმა საჯაროდ გამაკრეს ჯვარს, მათ, ვინც ელოდა მესიასა და იეჰოვას და ესწრაფვოდა მაცხოვარ იესოს, არასოდეს დავიწყებიათ ჩემი დანაპირები: რადგან ისინი არ მიმიტოვებია. ბოლოს და ბოლოს, სისხლი დავღვარე კაცობრიობასთან დადებული აღთქმის დასტურად; ეს ფაქტი იქცა „სისხლის აღთქმად“, რომელიც დაღივითაა აღბეჭდილი ამ ახალგაზრდა და უმანკო ადამიანების გულებში და ისევე მარადიულად განუყოფელია, როგორც ცა და მიწა. რადგან არასოდეს მომიტყუებია ის მწუხარე სულები, რომლებიც წინასწარ განვსაზღვრე, გამოვარჩიე, მოგვიანებით კი გამოვისყიდე და მოვიპოვე, და რომელთაც ბოროტზე მეტად შემიყვარეს, ისინი მოუთმენლად ელიან ჩემს დაბრუნებას და საგულდაგულოდ ესწრაფვიან ჩემთან შეხვედრას. ვინაიდან არასოდეს წამიშლია მათთან სისხლით დადებული აღთქმა, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ასე გულწრფელად მელიან. დავიბრუნებ ჩემს კრავებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაკარგულნი იყვნენ, რადგან ყოველთვის მიყვარდა ადამიანები; უბრალოდ, მათში არსებულ სიკეთეს ბოროტების ელემენტები შეერია. მოვიპოვებ იმ საბრალო სულებს, რომელთაც ვუყვარვარ და რომლებიც ასე დიდხანს მიყვარდა, მაგრამ როგორ შევიყვანო ჩემს სახლში ის ბოროტნი, რომელთაც არასოდეს ვყვარებივარ და რომლებიც მტრებივით მექცევიან? არ შევიყვან ჩემს სასუფეველში ეშმაკისა და გველგესლას იმ შთამომავლებს, რომელთაც ვძულვარ, მეწინააღმდეგებიან, მებრძვიან, თავს მესხმიან და მწყევლიან, მიუხედავად კაცობრიობასთან სისხლით დადებული ჩემი აღთქმისა. ზუსტად უნდა იცოდე, რატომ ვასრულებ ჩემს საქმეს და ვისთვის ვაკეთებ ამას. შენი სიყვარული სიკეთეს შეიცავს თუ ბოროტებას? ჩემ შესახებ შენი ცოდნა დავითისა და მოსეს ცოდნის მსგავსია თუ არა? ჩემდამი შენი მსახურება აბრაამის მსახურების მსგავსია თუ არა? ნამდვილად სრულქმნილი ხდები ჩემ მიერ, მაგრამ უნდა იცოდე, ვის წარმოადგენ და ვისთან ერთად მოიმკი ერთსა და იმავე შედეგს. მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში, ჩემი საქმის განცდისას, სიხარულით მოიმკე თუ არა უხვი მოსავალი? არის თუ არა ის უხვი და ნაყოფიერი? საკუთარი თავი უნდა გამოიკვლიო: წლების განმავლობაში იტანდი გასაჭირს ჩემი გულისთვის, მაგრამ ოდესმე თუ მიგიღია რაიმე? განიცადე თუ არა რაიმე ცვლილება ან შეიძინე თუ არა რაიმე? შენი ტანჯვის გამოცდილების სანაცვლოდ, გახდი თუ არა ჯვარცმული პეტრეს მსგავსი, ან პავლეს მსგავსი, რომელიც განგმირულ იქნა და დიდი ნათელი მიიღო? უნდა გქონდეს ამ ყველაფრის გარკვეული შეგნება. მე მუდმივად არ ვსაუბრობ ან არ ვამახვილებ ყურადღებას შენს სიცოცხლეზე, რომელიც მდოგვის მარცვალზე მცირეა და ქვიშის მარცვალივით პატარაა. მარტივად რომ ვთქვათ, მე კაცობრიობას ვმართავ. თუმცა, ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც ოდესღაც მძულდა, მაგრამ მოგვიანებით კვლავ შევიწყნარე, არ მივიჩნევ ჩემი მართვის მნიშვნელოვან ნაწილად. ნათელი წარმოდგენა უნდა გქონდეს თქვენს უწინდელ ვინაობაზე, ისევე როგორც იმაზე, თუ ვისი მონები იყავით. ამრიგად, არ ვიყენებ ადამიანის სატანისეულ სახეს, როგორც მასალას ადამიანის მართვისთვის, რადგან ადამიანი არ არის ღირებული საგანი. უნდა გაიხსენოთ ჩემი თავდაპირველი დამოკიდებულება თქვენდამი და გახსოვდეთ, როგორ მოგმართავდით მაშინ — მოწოდება, რომელიც არ იყო მოკლებული პრაქტიკულ მნიშვნელობას. უნდა იცოდეთ, რომ იარლიყები, რომლებსაც ატარებთ, უმიზეზო არ არის. ვვარაუდობ, ყველამ იცით, რომ თავდაპირველად არ იყავით ღვთის მიერ რჩეულნი, არამედ თავიდანვე სატანამ დაგატყვევათ და მის სახლში ერთგულ მსახურებად მსახურობდით, მე კი დიდი ხნის წინ დამივიწყეთ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში იყავით ჩემი სახლის გარეთ და ბოროტის ხელში. ისინი, ვისაც გადავარჩენ, ის ადამიანები არიან, რომლებიც დიდი ხნის წინ წინასწარ განვსაზღვრე და ჩემ მიერ არიან გამოსყიდულნი, ხოლო თქვენ ხართ საცოდავი სულები, რომლებიც კაცობრიობაში გამონაკლისის სახით ხართ მოთავსებულნი. უნდა იცოდეთ, რომ ეკუთვნით არა დავითის ან იაკობის სახლს, არამედ მოაბის სახლს, და რომ წარმართული ოჯახების წევრები ხართ. რადგან თქვენთან აღთქმა არ დამიდია და მხოლოდ საქმეს ვასრულებდი, ვსაუბრობდი თქვენ შორის და მიგიძღოდით. ჩემი სისხლი თქვენთვის არ დაღვრილა; უბრალოდ ვასრულებდი ჩემს საქმეს თქვენ შორის ჩემი მოწმობის გულისთვის. განა ეს არ იცოდით? ნუთუ ჩემი საქმე მართლაც ჰგავს იმას, თუ როგორ დაიცალა იესო სისხლისგან თქვენ გამო? თავიდანვე არ ღირდა, თქვენ გამო ასეთი დიდი დამცირება რომ ავიტანე. ღმერთი, რომელიც აბსოლუტურად უცოდველია, პირდაპირ მოვიდა უკიდურესად საძაგელ და ამაზრზენ ადგილას, ღორებისა და ძაღლების სამყაროში, რომელიც შეუფერებელი იყო ადამიანთა საცხოვრებლად, მაგრამ მაინც ავიტანე ყველა ეს სასტიკი დამცირება ჩემი მამის დიდებისა და მარადიული მოწმობისთვის. უნდა იცოდეთ, როგორია თქვენი ქცევა და დაინახოთ, რომ არა „მდიდარ და ძლევამოსილ ოჯახებში“ დაბადებული შვილები ხართ, არამედ მხოლოდ სატანის ღატაკი შთამომავლები. ასევე არ ხართ კაცობრიობის მამამთავრები, არც ადამიანური უფლებები გაგაჩნიათ და არც თავისუფლება. თავდაპირველად არავითარი წილი არ გქონდათ კაცობრიობის კურთხევებში და არც ცათა სასუფეველში. ეს იმიტომ, რომ კაცობრიობის ყველაზე მდაბალ ფენაში ხართ და არასოდეს მიფიქრია თქვენს მომავალზე. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმის ნაწილი იყო, რომ დღეს თქვენი სრულყოფა განმეხორციელებინი, ეს უპრეცედენტო საქმეა, რადგან თქვენი სტატუსი ასეთი დაბალია და თავიდანვე არავითარი წილი არ გქონიათ კაცობრიობაში. განა ეს თავისთავად არ არის კურთხევა ადამიანისთვის?

ისინი, ვისაც გადავარჩენ, ის სულები არიან, რომლებიც დიდი ხნის წინ გავათავისუფლე განსაწმენდელიდან, ისინი არიან რჩეული ხალხი, რომელთაც დიდი ხნის წინ ვეწვიე, რადგან ისინი ესწრაფვოდნენ ჩემს კვლავ გამოჩინებას მათ შორის. მათ შემიყვარეს და თავიანთ გულებში ამოიტვიფრეს ჩემი აღთქმა, რომელიც სისხლით დავდე, რადგან მიყვარდნენ. ისინი ჰგვანან დაკარგულ კრავებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მეძებდნენ და ბუნებით კეთილნი არიან; ამიტომ, მათ ვუწოდებ კეთილ ისრაელიანებს და საყვარელ პატარა ანგელოზებს. არ მომიწევდა ასეთი დამცირების ატანა, მათ შორის რომ ვყოფილიყავი. ეს იმიტომ, რომ მათ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ და მე ისინი მიყვარს, როგორც ყველაზე მშვენიერნი ყოველთა შორის. ეს იმიტომ, რომ ისინი ჩემ მიერ არიან შექმნილნი და რჩეულნი; მათ არასოდეს დავვიწყებივარ. მათი სიყვარული აღემატება თქვენსას და მათ იმაზე მეტად ვუყვარვარ, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე გიყვართ. ისინი ისევე მემორჩილებიან, როგორც პატარა თეთრი მტრედები ემორჩილებიან ცას, და მათ გულებში ჩემდამი უფრო მეტი მორჩილებაა, ვიდრე თქვენსაში. და ეს იმიტომ, რომ ისინი იაკობის შთამომავლები, ადამის მოდგმა და ჩემი რჩეული ხალხია, რადგან ასე დიდხანს მიყვარს ისინი — და იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე თქვენ მიყვარხართ; ეს იმიტომ, რომ თქვენში მეტისმეტად ბევრი ურჩობაა, ასეთ სერიოზულ წინააღმდეგობას მიწევთ, ზემოდან მიყურებთ, მეტისმეტად ცივად მეპყრობით, მეტისმეტად ცოტათი გიყვარვართ და მეტისმეტად გძულვართ. მეტისმეტად აბუჩად იგდებთ ჩემს საქმეს და გეზიზღებათ ჩემი ქმედებები. მათგან განსხვავებით, ჩემი საქმეები არასოდეს მიგიჩნევიათ საუნჯედ. ნაცვლად ამისა, გეზიზღებათ ისინი და სატანის მსგავსად, თვალები გაღიზიანებისგან გაქვთ გაწითლებული. სად არის თქვენი მორჩილება? სად არის თქვენი ზნეობა? სად არის თქვენი სიყვარული? როდის გამოგივლენიათ სიყვარულის ის ნიშანწყალი, რომელიც თქვენშია? როდის მიგიღიათ ჩემი საქმე სერიოზულად? საბრალონი არიან ის მშვენიერი ანგელოზები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ჩემს მოსვლას და ასე ძლიერ იტანჯებიან ჩემს მხურვალე მოლოდინში, რადგან ასე ძლიერ მიყვარს ისინი. თუმცა, რასაც დღეს ვხედავ, ადამიანობას მოკლებული სამყაროა, რომელსაც მათთან არაფერი აქვს საერთო. განა არ ფიქრობთ, რომ თქვენი სინდისი დიდი ხნის წინ გაუხეშდა და უგრძნობი გახდა? ნუთუ არ გგონიათ, რომ თქვენ ხართ ის საძაგლები, ვინც ხელს უშლით ჩემს შეხვედრას ამ მშვენიერ ანგელოზებთან?[ა] როდის არ ელოდნენ ისინი ჩემს დაბრუნებას? როდის არ ელოდნენ ჩემთან კვლავ შეხვედრას? როდის არ ესწრაფვოდნენ ჩემთან ერთად მშვენიერი დღეების გატარებასა და ჩემთან ერთად ტრაპეზობას? ოდესმე თუ გაგიცნობიერებიათ, რას აკეთებთ დღეს: დათარეშობთ ქვეყნიერებაზე; ერთმანეთის წინააღმდეგ ხლართავთ ინტრიგებს; ატყუებთ ერთმანეთს; ეწევით სიცრუეს და მალავთ ჭეშმარიტებას; არ გაგაჩნიათ სირცხვილის გრძნობა; არ იცით ჭეშმარიტება; მოქმედებთ სიმრუდითა და მზაკვრობით; მიმართავთ პირფერობას; ხართ თვითმართალნი, მედიდურნი და ამპარტავანნი; და იქცევით ისევე ველურად, როგორც გარეული მხეცები მთებში და ისევე სასტიკად, როგორც მხეცთა მეფე — შეჰფერის კი ეს საქციელი ადამიანს? უხეშები და უგნურები ხართ. ჩემი სიტყვები არასოდეს მიგიჩნევიათ საუნჯედ, ნაცვლად ამისა, მათ მიმართ აბუჩად ამგდები დამოკიდებულება გაქვთ. ასეთი მდგომარეობისას, როგორ შეიძლება არსებობდეს მიღწევები, ჭეშმარიტი ადამიანური ცხოვრება და მშვენიერი იმედები? ნუთუ თქვენი გადაჭარბებული წარმოდგენები მართლაც დაგიხსნით ვეფხვის ხახისგან? ნუთუ მართლაც დაგიხსნით მოგიზგიზე ალისგან? ნუთუ აქამდე დაეცემოდით, ჩემი საქმე მართლაც შეუფასებელ საუნჯედ რომ მიგეჩნიათ? ნუთუ თქვენი ბედის შეცვლა მართლაც შეუძლებელია? შეეგუეთ იმას, რომ ასეთი მწარე სინანულით უნდა მოკვდეთ?

სქოლიო:

ა. დედანშია: „განა არ ფიქრობთ, რომ ის საძაგელნი ხართ, რომლებიც ანადგურებენ ჩემს კვლავ შეხვედრას იმ მშვენიერ ანგელოზებთან?“

წინა:  კაცობრიობის მართვის მიზანი

შემდეგი:  ადამიანის თანდაყოლილი ვინაობა და მისი მნიშვნელობა: რა არის მათი ნამდვილი არსი?

  • ტექსტი
  • თემები

სადა ფერები

თემები

შრიფტები

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

გვერდის სიგანე

სარჩევი

ძიება

  • ტექსტში ძიება
  • წიგნში ძიება

Connect with us on Messenger