თავი 76
ჩემი ყველა გამონათქვამი ჩემი განზრახვების გამოხატულებაა. ვის შეუძლია ჩემი ტვირთის გათვალისწინება? ვის შეუძლია ჩასწვდეს ჩემს განზრახვებს? გიფიქრიათ თითოეულ კითხვაზე, რომელიც თქვენთვის დამისვამს? რა დაუდევრობაა! როგორ ბედავთ ჩემი გეგმების არევას? ხელიდან ხართ წასული! თუ ბოროტი სულების ასეთი მოქმედება გაგრძელდება, მათ დაუყოვნებლივ უძირო უფსკრულში ჩავანარცხებ სასიკვდილოდ! მე დიდი ხანია, ამოცნობილი მაქვს ბოროტი სულების სხვადასხვა ნამოქმედარი. მე უკვე ბოლომდე ამოვიცანი ის ადამიანებიც კი, რომლებსაც ბოროტი სულები იყენებენ — რომლებსაც არასწორი განზრახვები აქვთ, ვისაც ხორცისა და სიმდიდრისადმი ლტოლვა აქვთ, ვინც საკუთარ თავს აღამაღლებს, ვინც ეკლესიაში არევ-დარევას იწვევს და ასე შემდეგ. ნუ გგონია, რომ ყველაფერი ბოროტი სულების განდევნისთანავე დასრულდება! ნება მომეცი, გითხრა! ამიერიდან ამ ადამიანებს სათითაოდ მოვიშორებ და მათ აღარასოდეს გამოვიყენებ! ანუ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბოროტი სულების მიერ არის გახრწნილი, ჩემ მიერ გამოყენებული არ იქნება და წიხლით იქნება გაგდებული! ნუ იფიქრებთ, რომ შემწყნარებელი არ ვარ! იცოდეთ ეს! მე წმიდა ღმერთი ვარ და არ დავმკვიდრდები ბილწ ტაძარში! მე მხოლოდ პატიოსან და ბრძენ ადამიანებს ვიყენებ, რომლებიც სრულად ერთგულნი არიან ჩემდამი და შეუძლიათ ჩემი ტვირთის გათვალისწინება. ეს იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები ჩემ მიერ იყვნენ წინასწარ განსაზღვრულნი და მათზე საერთოდ არანაირი ბოროტი სულები არ მოქმედებენ. ნება მომეცით, ერთ რამეში სიცხადე შევიტანო: ამიერიდან ყველა ადამიანში, რომელშიც სულიწმიდა არ მოქმედებს, ბოროტი სულები მოქმედებენ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო: არ მსურს არცერთი ადამიანი, რომელზეც ბოროტი სულები მოქმედებენ. ისინი ყველანი თავიანთ ხორცთან ერთად ჰადესში ჩაიყრებიან!
წარსულში თქვენ მიმართ ჩემი მოთხოვნები ნაკლებად მკაცრი იყო და ხორციელ სიამოვნებებში თავაშვებულნი იყავით. ამ დღიდან მოყოლებული აღარ მოგცემთ უფლებას, ასე გააგრძელოთ. თუ თქვენი სიტყვები და ქმედებები ყოველმხრივ არ გამომხატავს, ან თუნდაც ოდნავ არ შეესაბამება ჩემს ხატებას, მაშინ ამას ნამდვილად არ შეგარჩენთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდამ სიცილსა და ხუმრობაში იქნებოდით და თავშეუკავებლად იხარხარებდით. როცა რაიმეს არასწორად აკეთებ, განა არ გრძნობ, რომ მე მიგატოვე? რაკი ეს იცი, რატომ ხარ კვლავ ხორციელ სიამოვნებებში თავაშვებული? ნუთუ ელოდები, როდის შეგეხება ჩემი განკითხვის ხელი? დღეიდან დაუყოვნებლივ დავსჯი ყველას, ვინც თუნდაც ერთი წამით არ იქნება ჩემს განზრახვებთან თანხმობაში. თუ ერთად დასხდებით და ჭორაობას მოჰყვებით, მაშინ მიგატოვებ. ნუ ილაპარაკებ, თუ სულიერ საზრდოს არ გასცემ. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ შეგზღუდოთ; ვგულისხმობ იმას, რომ რადგან ჩემი საქმე დღევანდელ ეტაპამდე მივიდა, ყველაფერს ჩემი გეგმის შესაბამისად გავაკეთებ. თუ ერთად დასხდებით და სიცოცხლის სულიერ საკითხებზე იქონიებთ თანაზიარებას, მაშინ მე აუცილებლად თქვენთან ვიქნები. არცერთ თქვენგანს უსამართლოდ არ მოვეპყრობი. საკმარისია პირი გააღო, რომ სათანადო სიტყვებს გიბოძებ. ჩემი სიტყვებიდან უნდა შეიგრძნო ჩემი გული. მე არ გეუბნებით, მუნჯებად მოაჩვენოთ თავი, არც იმას გეუბნებით, ფუჭ საუბარს მიეცეთ.
რატომ ვამბობ გამუდმებით, რომ ბევრი დრო აღარ დარჩა და ჩემი დღე არ უნდა დაყოვნდეს? გულდასმით გიფიქრიათ ამაზე? ნამდვილად გესმით ჩემი სიტყვების მნიშვნელობა? ანუ, მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დავიწყე, ჩემს საქმეს უწყვეტად ვასრულებ. თითოეული და ყოველი თქვენგანი ჩემი საქმის ობიექტი იყავით. არა რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანი, მით უმეტეს — არა სხვა ვინმე. თქვენ მხოლოდ იმაზე ღელავთ, რომ კურთხევებით ვერ დატკბებით, მაგრამ თქვენს სიცოცხლეზე არ ფიქრობთ. რა ბრიყვები ხართ! რა საცოდავები ხართ! საერთოდ არ ითვალისწინებთ ჩემს ტვირთს!
მთელი ჩემი გულის სისხლი, რომელიც გავიღე, თქვენთვის იყო. თუ ჩემს ტვირთს არ ითვალისწინებთ, მაშინ ვერ გაამართლეთ ის მოლოდინი, რომელიც თქვენ მიმართ მქონდა. უთვალავი ერი ელოდება, რომ თქვენ მართოთ ისინი, და უთვალავი ხალხი ელოდება, თქვენს გაბატონებას მათზე. მე ყოველივე ხელში გადმოგაბარეთ. ახლა ძალაუფლებაში მყოფნი უკვე იწყებენ გადადგომასა და ჩამოშლას; მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დაატყდებათ თავს ჩემი განკითხვა. ნათლად დაინახეთ! ახლა სამყარო ინგრევა, ხოლო ჩემი სასუფეველი უკვე წარმატებით აშენდა. ჩემი ძეები გამოჩნდნენ და ჩემი პირმშო ძეები ჩემთან ერთად ხელმწიფებენ, როგორც მეფეები, და თითოეულ ერსა და თითოეულ ხალხს მართავენ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს ბუნდოვანი რამ არის; ეს აშკარა ჭეშმარიტებაა. განა ასე არ არის? როგორც კი ილოცებთ და შემევედრებით, მე დაუყოვნებლივ ვიმოქმედებ: დავსჯი მათ, ვინც გდევნით, მივხედავ მათ, ვინც გაწუხებთ, გავანადგურებ მათ, ვინც გძულთ, და ვმართავ იმ ადამიანებს, მოვლენებსა და საგნებს, რომლებიც თქვენ გემსახურებათ. ეს ბევრჯერ მითქვამს: არ მოვუტან ხსნას არავის, ვინც ქრისტესთვის მსახურებას ასრულებს (ანუ არავის, ვინც ჩემი ძისთვის ასრულებს მსახურებას). ჩემი ძისთვის მსახურების შესრულება არ ნიშნავს, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან; ეს მთლიანად ჩემი დიდი ძალისა და საოცარი საქმეების შედეგია. ადამიანებს მეტისმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ასეთ ადამიანებს ნამდვილად არ აქვთ სულიწმიდის საქმე და სულიერი საკითხები საერთოდ არ ესმით. ისინი არაფერში გამოდგებიან მას შემდეგ, რაც მათ გამოყენებას დავასრულებ. დაიმახსოვრეთ ეს! ეს არის ჩემი დადასტურება თქვენთვის. ნუ დაიწყებთ უაზროდ ყველაფერზე ჩაჭიდებას, გესმით?
ადამიანები სულ უფრო და უფრო ცოტანი არიან, მაგრამ წევრები სულ უფრო და უფრო გამორჩეულნი ხდებიან. ეს ჩემი საქმეა, ჩემი მართვის გეგმაა და, უფრო მეტიც, ეს ჩემი სიბრძნე და ჩემი ყოვლისშემძლეობაა. ეს არის ჩემი ნორმალური ადამიანობისა და ჩემი სრული ღვთაებრიობის კოორდინაცია. ნათლად ხედავთ ამას? გაქვთ რაიმე ნამდვილი გაგება ამ საკითხზე? ყველაფერს, რაზეც ჩემი ნორმალური ადამიანობიდან ვილაპარაკე, სათითაოდ აღვასრულებ ჩემი ღვთაებრიობის მეშვეობით. სწორედ ამიტომ კვლავ და კვლავ ვიმეორებ, რომ რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ; არასოდეს ვლაპარაკობ ბუნდოვნად, პირიქით, ნათლად და გარკვევით ვლაპარაკობ. ყველაფერი, რასაც ვამბობ, აღსრულდება, და არაფერს ვამბობ უდიერად. მე არ ვამბობ ლიტონ სიტყვებს და შეცდომებს არ ვუშვებ. ვინც გაბედავს გამზომოს, განიკითხება და ნამდვილად ვერ დააღწევს თავს ჩემს ხელისგულს. როგორც კი ჩემი სიტყვები გაჟღერდება, ვინ გაბედავს მათთვის წინააღმდეგობის გაწევას? ვინ გაბედავს ჩემთან პირფერობას ან ჩემგან რაიმეს დამალვას? ადრეც მაქვს ნათქვამი: მე ბრძენი ღმერთი ვარ. მე ჩემს ნორმალურ ადამიანობას ვიყენებ, რათა გამოვავლინო ყველა ადამიანი და სატანური ქცევა: ისინი, ვისაც არასწორი განზრახვები აქვთ, ვინც სხვების წინაშე ერთს აკეთებს, ხოლო მათ ზურგს უკან — სხვას, ვინც მეწინააღმდეგება, ვინც ჩემი ერთგული არ არის, ვინც ფულზეა დახარბებული, ვინც ჩემს ტვირთს არ ითვალისწინებს, ვინც ძმებთან და დებთან ცბიერად და მზაკვრულად იქცევა, ვინც პირფერული სიტყვებით ახარებს ადამიანებს და ვინც ძმებთან და დებთან ერთი გულითა და ერთი გონებით ვერ თანამშრომლობს. ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემი ნორმალური ადამიანობის გამო, ფარულად მეწინააღმდეგება და ცბიერებასა და მზაკვრობას მიმართავს, რადგან ჰგონიათ, რომ ჩემი ნორმალური ადამიანობა ამას ვერ ხვდება. და ძალიან ბევრნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩემს ნორმალურ ადამიანობას: კარგ საჭმელსა და სასმელს მაძლევენ, მსახურებივით მემსახურებიან და გულში რაც აქვთ, იმას მეუბნებიან, ხოლო ჩემს ზურგს უკან სრულიად განსხვავებულად იქცევიან. ბრმა ადამიანები! რაოდენ მცირედ მიცნობთ მე — ღმერთს, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეებს აკვირდება. ახლაც კი არ მიცნობ; კვლავ ფიქრობ, რომ არ ვიცი, რას აკეთებ. თავად დაითვალეთ: რამდენმა ადამიანმა დაიღუპა თავი ჩემი ნორმალური ადამიანობის გამო? გამოიღვიძეთ! ამიერიდან აღარ მომატყუოთ. შენი მთელი ქცევა და საქციელი, შენი ყოველი სიტყვა და მოქმედება ჩემ წინაშე უნდა წარმოადგინო და ჩემი შემოწმება გაიარო.