თავი 80
ყველაფერში აუცილებელია ჩემთან რეალური თანაზიარება, რათა ადამიანს ნათელი მოეფინოს და განათდეს; მხოლოდ ამ გზით შეიძლება სული სიმშვიდეში იყოს. სხვაგვარად, სული სიმშვიდეს ვერ ჰპოვებს. ამჟამად თქვენ შორის ყველაზე მძიმე სენი ჩემი ნორმალური ადამიანობის განცალკევებაა ჩემი სრული ღვთაებრიობისგან. მეტიც, უმეტესობა თქვენგანი ხაზს უსვამს ჩემს ნორმალურ ადამიანობას, თითქოს არასოდეს გცოდნიათ, რომ მე სრული ღვთაებრიობაც გამაჩნია. ეს ჩემი გმობაა! იცით ეს? თქვენი სენი იმდენად მძიმეა, რომ თუ არ იჩქარებთ და არ განიკურნებით, ჩემი ხელით განიგმირებით. ჩემ წინაშე ერთგვარად იქცევით (თავს ღირსეულ, თავმდაბალ და მომთმენ ადამიანად წარმოაჩენთ), ჩემ ზურგსუკან კი სრულიად სხვაგვარად იქცევით (სრულიად თვალთმაქცნი, თავაშვებულნი და ყოველგვარ შეზღუდვას მოკლებულნი ხართ; აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ქმნით დაჯგუფებებს, აყალიბებთ დამოუკიდებელ სამეფოებს და ჩემი ღალატი გწადიათ). ბრმები ხართ! გაახილე თვალები, რომლებიც სატანამ დაგიბრმავა! შეხედე, რეალურად ვინ ვარ მე! სირცხვილის გრძნობა არ გაგაჩნია! შენ არ იცი, რომ ჩემი საქმეები საკვირველია! შენ არ იცი ჩემი ყოვლისშემძლეობის შესახებ! ვის ეხება სიტყვები: „ისინი, ვინც ქრისტეს მსახურებენ, მაგრამ არ ცხონდებიან“? შენ არ იცი, რა როლს ასრულებ! სინამდვილეში ჩემ წინაშე ნიღბით მოდიხარ და საკუთარი მომხიბვლელობით იწონებ თავს — შე საცოდავო! მე გაგაძევებ ჩემი სახლიდან; ასეთი ტიპის ადამიანს არ ვიყენებ, რადგან ის არც წინასწარ განმისაზღვრავს და არც ამირჩევია.
რასაც ვამბობ, იმას ვასრულებ. ვინც ბოროტებას სჩადის, ნუ შეეშინდება ––უსამართლოდ არავის ვექცევი. მე ყოველთვის ჩემი გეგმის მიხედვით ვმოქმედებ და ყოველივეს ჩემი სამართლიანობის შესაბამისად ვასრულებ. ვინაიდან ისინი, ვინც ბოროტებას სჩადიან, დასაბამიდანვე სატანის შთამომავლები არიან, მე ისინი არ ამირჩევია. სწორედ ამას ნიშნავს გამონათქვამი: „ლეოპარდი თავის ლაქებს ვერ შეიცვლის“. იმ საკითხებში, რომელთა განჭვრეტაც კაცობრიობას არ ძალუძს, ჩემთვის ყველაფერი გაცხადებულია და არაფერია დამალული. შენ შეიძლება შეძლო რაიმეს დამალვა მცირედთა თვალთაგან და საკმაოდ ბევრი ადამიანის ნდობა მოიპოვო, მაგრამ ჩემთან ეს ასე ადვილი არ არის. საბოლოოდ ჩემს სამსჯავროს ვერ გაექცევი. კაცობრიობის მზერა შეზღუდულია და ისინიც კი, ვისაც ამჟამინდელი ვითარების მცირე ნაწილის განჭვრეტა ძალუძს, გარკვეული უნარის მქონედ მიიჩნევიან. ჩემთვის ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ოდნავადაც კი არაფერი მიშლის ხელს, რადგან ყოველივე ჩემს კონტროლს, წარმართვასა და განგებას ექვემდებარება. ვინ გაბედავს, არ დაემორჩილოს ჩემს კონტროლს! ვინ გაბედავს ჩემი მართვის ჩაშლას! ვინ გაბედავს, ჩემ მიმართ ორგული ან მშობლის შეურაცხმყოფელი იყოს! ვინ გაბედავს, მითხრას ის, რაც არ არის სიმართლე და, ნაცვლად ამისა, სიცრუის კორიანტელი დაატრიალოს! ვერცერთი მათგანი ვერ გაექცევა ჩემს მრისხანე ხელს. ახლა დამარცხება რომც აღიარო და მზად იყო გაკიცხვის მისაღებად და უძირო უფსკრულში შესასვლელად, ასე ადვილად მაინც არ დაგინდობ. მე უნდა ამოგიყვანო უძირო უფსკრულიდან, რათა კიდევ ერთხელ დაექვემდებარო ჩემს მრისხანე სასჯელს (ჩემს უკიდურეს სიძულვილს). არის სადმე ადგილი, სადაც გაქცევას შეძლებ? ყველაზე მეტად ის მძულს, როდესაც ადამიანები ჩემს ნორმალურ ადამიანობას ჩემი სრული ღვთაებრიობისგან აცალკევებენ.
ნეტარ არიან ისინი, ვინც ჩემ მიმართ ერთგულნი არიან; ანუ, ნეტარ არიან ისინი, ვინც ჭეშმარიტად მაღიარებს მე, როგორც თავად ღმერთს, რომელიც გულდასმით იკვლევს ადამიანთა ყველაზე იდუმალ გულისნადებს. მე აუცილებლად გავამრავლებ შენს კურთხევებს და მოგცემ საშუალებას, მარადიულად დატკბე კეთილი კურთხევებით ჩემს სასუფეველში. ეს ასევე ყველაზე ეფექტური გზაა სატანისთვის სირცხვილის მოსატანად. თუმცა, ნუ იქნები ზედმეტად მოუთმენელი ან აღელვებული. მე ყველაფრისთვის დრო დავადგინე. თუ ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრული ჟამი ჯერ არ დამდგარა, მაშინ, თუნდაც ერთი წამით ადრე იყოს, არ ვიმოქმედებ. მე ვმოქმედებ ზუსტად და რიტმის შესაბამისად; არ ვმოქმედებ ქაოსურად. ადამიანური გადმოსახედიდან, მე არ ვშფოთავ; მტკიცე ვარ, როგორც მთა ტაი. მაგრამ განა არ იცი, რომ მე თავად ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ? ნუ იქნები მეტისმეტად მოუთმენელი; ყველაფერი ჩემს ხელთაა. დიდი ხანია ყოველივე გამზადებულია და ვერაფერი ითმენს, რომ ჩემთვის სამსახური გასწიოს. მთელი სამყარო გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ქაოსშია, მაგრამ ჩემი თვალთახედვით, ყოველივე წესრიგშია. ის, რაც მე თქვენთვის მოვამზადე, მხოლოდ იმისთვისაა, რომ თქვენ დატკბეთ. აცნობიერებთ ამას? ნუ ჩაერევით ჩემს მართვაში. მე მივცემ საშუალებას უთვალავ ერსა და ხალხს, ჩემი ყოვლისშემძლეობა ჩემი საქმეებიდან დაინახონ, და მივცემ მათ საშუალებას, განადიდონ და ხოტბა შეასხან ჩემს წმინდა სახელს ჩემი საკვირველი საქმეებისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ, როგორც ვთქვი, არაფერს ვაკეთებ საფუძვლის გარეშე; პირიქით, ყოველივე აღსავსეა ჩემი სიბრძნითა და ჩემი ძალით, ჩემი სამართლიანობითა და დიდებულებით და, მით უმეტეს, ჩემი რისხვით.
ისინი, ვინც ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე მყისიერად გამოფხიზლდებიან, უდავოდ მიიღებენ ჩემს კურთხევებს და აუცილებლად მიიღებენ ჩემს მფარველობასა და მზრუნველობას. ისინი უდავოდ არ გამოცდიან გაკიცხვის ტანჯვას; პირიქით, ოჯახური ბედნიერებით დატკბებიან. იცით ეს? ტანჯვა მარადიულია, ხოლო სიხარული — კიდევ უფრო მარადიული. ამიერიდან ორივე მათგანი იქნება განცდილი. დაიტანჯები თუ სიხარულს განიცდი, ეს დამოკიდებულია შენს დამოკიდებულებაზე საკუთარი ცოდვების აღიარების მიმართ. რაც შეეხება იმას, ხარ თუ არა ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრულთა და რჩეულთა შორის, ამაში დარწმუნებული უნდა იყო იმის საფუძველზე, რაც უკვე ვთქვი. შენ შეგიძლია გაასულელო ხალხი, მაგრამ მე ვერ გამასულელებ. ისინი, ვინც მე წინასწარ განვსაზღვრე და ავირჩიე, ამიერიდან დიდად კურთხულნი იქნებიან, ხოლო მათ, ვინც არ განმისაზღვრავს და არ ამირჩევია, ამიერიდან სასტიკად გავკიცხავ. ეს იქნება ჩემი მტკიცებულება თქვენთვის. ისინი, ვინც ახლა კურთხეულნი არიან, უდავოდ ჩემთვის საყვარელნი არიან, ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც გაკიცხულნი არიან, თავისთავად ცხადია, რომ ისინი ჩემ მიერ წინასწარ განსაზღვრულნი და არჩეულნი არ არიან. ეს ნათლად უნდა გესმოდეთ! სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ის, რასაც ახლა იღებ, ჩემ მიერ გასხვლაა და თუ იღებ ჩემი მკაცრი სამსჯავროს სიტყვებს, მაშინ შენ ჩემს გულში საძულველი და საზიზღარი ხარ და იქნები ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც თავიდან მოვიშორებ. თუ იღებ ჩემს ნუგეშსა და ჩემი სიცოცხლის საზრდოს, მაშინ შენ ჩემი კუთვნილება ხარ; შენ ჩემი ერთ-ერთი ძვირფასთაგანი ხარ. შენ არ შეგიძლია ამის განსაზღვრა ჩემი გარეგნული გამოჩინების საფუძველზე. ნუ აჰყვები ემოციებს ამის გამო!
ჩემი სიტყვები თითოეული ადამიანის რეალურ მდგომარეობას ეხება. გგონიათ, რომ მე უბრალოდ შემთხვევით თემებზე ვსაუბრობ, ან ვამბობ იმას, რისი თქმაც მომესურვება? სრულებითაც არა! ჩემი სიბრძნე ჩემს ყოველ სიტყვაშია დაფარული. თქვენ უბრალოდ დარწმუნებულნი უნდა იყოთ, რომ ჩემი სიტყვები ჭეშმარიტია. ძალიან მოკლე დროში შემოვლენ უცხოტომელები, რომლებიც ჭეშმარიტ გზას ეძიებენ. როდესაც ეს მოხდება, თქვენ გაოგნდებით და ყველაფერი უმცირესი სირთულის გარეშე აღსრულდება. განა არ იცით, რომ მე ყოვლისშემძლე ღმერთი ვარ? ამ ჩემი სიტყვების მოსმენისას, თქვენ ურყევად გწამთ მათი, არა? მე შეცდომებს არ ვუშვებ, რომ აღარაფერი ვთქვათ მცდარ განცხადებებზე. იცით ეს? ამიტომ, არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ თქვენ სწრაფად უნდა მიიღოთ ჩემი წვრთნა, რათა უწინამძღოლოთ და მწყემსოთ ისინი. იცით ეს? თქვენი მეშვეობით მე მათ სრულვყოფ. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი მეშვეობით მე გამოვაჩენ ჩემს უდიდეს სასწაულებსა და ნიშნებს; ანუ, მათ შორის, ვისაც კაცობრიობა ზემოდან უყურებს, მე ავირჩიე ადამიანთა ერთი ჯგუფი, რათა გამომაჩინონ მე, განადიდონ ჩემი სახელი, განაგონ ყოველივე ჩემთვის და ჩემთან ერთად იმეფონ. ამგვარად, ჩემ მიერ თქვენი ამჟამინდელი წვრთნა წუთისოფლის უდიდესი მართვაა. ეს არის საოცარი რამ, რისი შესრულებაც კაცობრიობას არ ძალუძს. თქვენი სრულყოფის მეშვეობით, მე ჩავაგდებ სატანას ცეცხლისა და გოგირდის ტბაში და უძირო უფსკრულში, სასიკვდილოდ დავცემ დიდ წითელ დრაკონს, რათა აღარასოდეს წამოდგეს. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩაგდებულია უძირო უფსკრულში, დიდი წითელი დრაკონის შთამომავალია. მე ისინი უკიდურესად მძულს. ეს მე აღვასრულე. განა ვერ ხედავთ? ყველა, ვინც ორგულია, და ყველა, ვინც სიმრუდესა და მზაკვრობას მიმართავს, მხილებულია. ამაყნი, ქედმაღალნი, თვითმართალნი და თავხედნი მთავარანგელოზის შთამომავლები არიან და ისინი სატანის ყველაზე ტიპური წარმომადგენლები არიან — ისინი ყველანი ჩემი მტრები, ჩემი მოწინააღმდეგეები არიან. სათითაოდ უნდა დავსაჯო ისინი, რათა ჩემს გულში სიძულვილი ჩავაქრო. მე ამას ეტაპობრივად აღვასრულებ და თითოეულ მათგანს რიგრიგობით მოვაგვარებ.
მაშ, კონკრეტულად რა არის ცეცხლისა და გოგირდის ტბა და უძირო უფსკრული? ადამიანურ წარმოსახვაში, ცეცხლისა და გოგირდის ტბა მატერიალური რამ არის, მაგრამ კაცობრიობამ არ იცის, რომ ეს უკიდურესად მცდარი განმარტებაა. მიუხედავად ამისა, მას მაინც უკავია ადამიანთა გონებაში გარკვეული ადგილი. ცეცხლისა და გოგირდის ტბა არის ჩემი ხელი, რომელიც კაცობრიობას გაკიცხვას უსაზღვრავს. ვიღაცისთვის ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდება ნიშნავს, რომ ის ჩემი ხელით იქნა განგმირული. ასეთი ადამიანის სული, სამშვინველი და სხეული მარადიულად იტანჯება. ეს არის ჩემი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, როდესაც ვთქვი, რომ ყოველივე ჩემს ხელთაა. მაშინ, რას გულისხმობს უძირო უფსკრული? ადამიანთა წარმოდგენებში, ეს არის დიდი უფსკრული, რომელიც უსასრულო და მიუწვდომლად ღრმაა. რეალური უძირო უფსკრული არის სატანის გავლენა. თუ ადამიანი სატანის ხელში ჩავარდება, ეს ადამიანი უძირო უფსკრულშია. ფრთებიც რომ გამოესხას, მაინც ვერ შეძლებს იქიდან ამოფრენას. სწორედ ამიტომ ეწოდება მას უძირო უფსკრული. ასეთი ადამიანები მარადიულ გაკიცხვას დაექვემდებარებიან. სწორედ ასეა ჩემ მიერ მოწყობილი.