საქმე და შესვლა (9)
ფესვგადგმული ეთნიკური ტრადიციები და მენტალიტეტი მეტისმეტად ადრე აყენებენ ჩრდილს ადამიანის წმინდა და ბავშვივით უმანკო სულს, „ადამიანურობის“ ნატამალის გარეშე უტევენ ადამიანის სამშვინელს, თითქოს რკინისსახიანი მიუკერძოებლობით. ამ ეშმაკების მეთოდები უკიდურესად სასტიკია და თითქოს „განათლება“ და „აღზრდა“ იმ ტრადიციულ მეთოდებად იქცა, რომლებითაც ეშმაკთა მეფე ადამიანს ანადგურებს. თავისი „ღრმა მოძღვრებით“ ის მთლიანად ფარავს თავის მახინჯ სამშვინელს; ცხვრის ტყავში გახვეული ცდილობს, ადამიანის ნდობა მოიპოვოს, შემდეგ კი, როცა ადამიანი მოდუნებული თვლემს, შემთხვევით სარგებლობს, რათა მთლიანად შთანთქას იგი. საბრალო კაცობრიობა — საიდან უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ ქვეყანა, სადაც ისინი გაიზარდნენ, ეშმაკების ქვეყანაა, და ისინი, ვინც ეს ადამიანები აღზარდეს, სინამდვილეში მათი მტრები არიან და ზიანს აყენებენ მათ. თუმცა ადამიანი საერთოდ არ იღვიძებს; შიმშილისა და წყურვილის მოკვლის შემდეგ ის ემზადება, „მშობლიური ამაგი“ გადაუხადოს მათ, ვინც აღზარდა. ნუთუ ადამიანი მართლაც შეიძლება ასეთი იყოს! დღესაც კი მან არ იცის, რომ „მეფე“, რომელმაც აღზარდა, მისი მტერია. მიწა მოფენილია მკვდართა ძვლებით, ეშმაკები შეუჩერებლად და თავაშვებულად ღრეობენ და „ქვესკნელში“ კვლავაც შთანთქავენ ადამიანის ხორცს, რის გამოც ადამიანთა ნეშტიც მათთან, ქვესკნელში, იმარხება, და ამაოდ ცდილობენ, შთანთქან უკანასკნელი დარჩენილი, დასახიჩრებული ადამიანებიც. თუმცა ადამიანი მუდამ უმეცარია და არასოდეს მოპყრობია ეშმაკებს, როგორც თავის მტრებს; ამის ნაცვლად, მთელი გულით ემსახურება მათ. ასეთ გარყვნილ ხალხს უბრალოდ არ შეუძლია ღმერთის შეცნობა. განა ადვილია ღმერთისთვის ხორცის შესხმა, მათ შორის მოსვლა და თავისი ხსნის მთელი საქმის აღსრულება? როგორ შეძლებს ადამიანი, რომელიც უკვე ჰადესშია ჩაძირული, ღვთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას? ღმერთმა მრავალი უძილო ღამე გადაიტანა კაცობრიობის საქმის გულისთვის. უმაღლესი სიმაღლეებიდან უდაბლეს სიღრმეებამდე, ის დაეშვა ცოცხალ ჯოჯოხეთში, სადაც ადამიანი მკვიდრობს, რათა ეცხოვრა ადამიანთან ერთად დედამიწის კიდეებს შორის; მას არასოდეს დაუჩივლია ადამიანთა შორის არსებულ სიღატაკეზე და არასოდეს გაუკიცხავს ადამიანი მისი ამბოხების გამო, არამედ იტანს უდიდეს დამცირებას, რადგან ის თავადვე აღასრულებს რა თავის საქმეს. როგორ შეიძლება ღმერთი ჯოჯოხეთს ეკუთვნოდეს? როგორ შეიძლება მან თავისი სიცოცხლე ჯოჯოხეთში გაატაროს? მაგრამ მთლიანი კაცობრიობის გულისთვის, რათა მთლიანმა კაცობრიობამ რაც შეიძლება მალე ჰპოვოს განსვენება, მან დაითმინა დამცირება და უსამართლობა დედამიწაზე მოსვლისას, და პირადად შევიდა „ჯოჯოხეთსა“ და „ჰადესში“, ვეფხვის ბუნაგში, რათა ეხსნა ადამიანი. რა უფლება აქვს ადამიანს, წინააღმდეგობა გაუწიოს ღმერთს? რა მიზეზი აქვს მას, რომ ღმერთზე დაიწუწუნოს? როგორ ჰყოფნის კადნიერება, წარდგეს ღვთის წინაშე? ზეციერი ღმერთი მოვიდა ამ ყველაზე ბინძურ, გარყვნილ მიწაზე და არასოდეს გადმოუნთხევია თავისი გულისწყრომა, არც ადამიანზე დაუჩივლია, არამედ ჩუმად იღებს ადამიანისგან აოხრებასა[1] და ჩაგვრას. არასოდეს გადაუხდია სამაგიერო ადამიანის უგუნურ მოთხოვნებზე, არასოდეს წაუყენებია ადამიანისთვის გადაჭარბებული მოთხოვნები და არასოდეს წაუყენებია ადამიანისთვის უგუნური მოთხოვნები; იგი უბრალოდ ასრულებს ყველა იმ საქმეს, რაც ადამიანს სჭირდება, იტანს ყოველგვარ გასაჭირს და არ ჩივის: ასწავლის, ნათელს ჰფენს, კიცხავს, სიტყვებით გამოწრთობს, ახსენებს, შეაგონებს, ანუგეშებს, განსჯის და ამხელს. მისი რომელი ნაბიჯი არ ყოფილა ადამიანის სიცოცხლისთვის? მიუხედავად იმისა, რომ მან ადამიანს მომავლის პერსპექტივები და ბედი ჩამოართვა, ღვთის მიერ გადადგმული რომელი ნაბიჯი არ ყოფილა ადამიანის ბედისთვის? რომელი მათგანი არ ყოფილა ადამიანის გადარჩენის გულისთვის? რომელი მათგანი არ ყოფილა ადამიანის გასათავისუფლებლად ამ ტანჯვისა და ღამესავით შავი ბნელეთის ძალების ჩაგვრისგან? რომელი მათგანი არ არის ადამიანის გულისთვის? ვის შეუძლია გაუგოს ღვთის გულს, რომელიც მოსიყვარულე დედის გულს ჰგავს? ვის შეუძლია ჩასწვდეს ღვთის მოწადინებულ გულს? ღმერთმა მგზნებარე გულისა და გულმოდგინე მოლოდინების სანაცვლოდ მიიღო ყინულივით ცივი გულები, ცივი და გულგრილი თვალები და ადამიანის არაერთგზისი საყვედურები და შეურაცხყოფა; სანაცვლოდ მიუზღეს გესლიანი შენიშვნები, სარკაზმი და დამცირება; სანაცვლოდ მიუზღეს ადამიანის დაცინვა, გათელვა და უარყოფა, მისი მხრიდან არასწორი გაგება, წუწუნი, გაუცხოება, თავის არიდება და სხვა არაფერი, გარდა სიცრუისა, თავდასხმებისა და სიმწარისა. თბილ სიტყვებს მრისხანედ შეკრული წარბები და ათასი თითის ქნევით ცივი დაუმორჩილებლობა დახვდა. ღმერთს ისღა შეუძლია, თავდახრილმა[2], მორჩილი ხარივით ემსახუროს ადამიანებს, ამ ტკივილს კი მოთმინებით გაუძლოს. რამდენმა მზემ და მთვარემ ჩაიარა, რამდენჯერ შეხვედრია იგი ვარსკვლავებს, რამდენჯერ წასულა განთიადისას და დაბრუნებულა შებინდებისას, რამდენჯერ უტრიალია უძილოდ, იტანდა რა მამასთან განშორების ტკივილზე ათასჯერ უფრო დიდ ტანჯვას, ადამიანის თავდასხმებს, მის მიერ შემუსვრასა და გასხვლას. ღმერთმა თავისი თავმდაბლობისა და ფარულობის სანაცვლოდ მიიღო ადამიანის ცრუმორწმუნეობა,[3] მისი უსამართლო შეხედულებები და უსამართლო მოპყრობა, ხოლო ღმერთმა თავისი უჩუმრად და შეუმჩნევლად მუშაობის, მისი მოთმინებისა და შემწყნარებლობის სანაცვლოდ მიიღო ადამიანის ხარბი მზერა; ადამიანი დაუნდობლად ცდილობს, ღმერთი ფეხქვეშ გათელოს სასიკვდილოდ, და ცდილობს, იგი მიწაში ჩათელოს. ღვთისადმი მოპყრობაში ადამიანი „იშვიათ გონებამახვილობას“ იჩენს, ხოლო ღმერთი, რომელსაც ადამიანი ჩაგრავს და აბუჩად იგდებს, ურიცხვი ადამიანის ფეხქვეშ მიწასთან არის გასწორებული; ამ დროს კი ადამიანი საკუთარ თავს მაღლა აყენებს, თითქოს „მთის მეფედ“ უნდა იქცეს, თითქოს სურს, ხელში ჩაიგდოს აბსოლუტური ძალაუფლება,[4] ფარდის მიღმიდან იმბრძანებლოს და ღმერთი აქციოს კულისებს მიღმა მყოფ კეთილსინდისიერ და წესების დამცველ ხელმძღვანელად, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის უფლება არ აქვს. ადამიანი ღმერთს აიძულებს, „უკანასკნელი იმპერატორის“ როლი შეასრულოს და მარიონეტად[5] ითამაშოს, ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული. ადამიანის საქმეები ენით აღუწერელია, მაშ, რა უფლებით მოითხოვს იგი ღვთისგან ამასა თუ იმას? რა უფლებით სთავაზობს იგი ღმერთს „წინადადებებს“? რა უფლებით მოითხოვს იგი, რომ ღმერთმა თანაუგრძნოს მის სისუსტეებს? როგორ არის იგი ღირსი, ღვთის წყალობა მიიღოს? როგორ არის იგი ღირსი, კვლავ და კვლავ მიიღოს ღვთის დიდსულოვნება? როგორ არის იგი ღირსი, კვლავ და კვლავ მიიღოს ღვთის პატიება? სად არის მისი სინდისი? მან დიდი ხნის წინ გაუტეხა ღმერთს გული, დიდი ხანია, ღვთის გული დამსხვრეული დატოვა. ღმერთი ადამიანთა შორის გაბრწყინებული სახითა და სიხარულით სავსე გულით მოვიდა, იმ იმედით, რომ ადამიანი მის მიმართ კეთილგანწყობილი იქნებოდა და მისგან თუნდაც სულ მცირედ სითბოს მიიღებდა. თუმცა ღვთის გული ძნელად იღებს ადამიანისგან ნუგეშს; ყველაფერი, რაც ღმერთმა მიიღო, ზვავივით მზარდი[6] თავდასხმები და ტანჯვაა. ადამიანის გული მეტისმეტად ხარბია, მისი სურვილი მეტისმეტად დიდია, იგი ვერასოდეს ძღება, მუდამ თავნება და წინდაუხედავია, არასოდეს აძლევს ღმერთს არც თავისუფლებას და არც სიტყვის უფლებას და ღმერთს სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ დამცირება აიტანოს და ადამიანს მისცეს საშუალება, როგორც მოესურვება, თავის ნებაზე ატაროს იგი.
შექმნის დროიდან დღემდე ღმერთმა ამდენ ტკივილს გაუძლო და ამდენი თავდასხმა გადაიტანა. თუმცა დღესაც ადამიანი კვლავ არ ამსუბუქებს ღვთისადმი თავის მოთხოვნებს, კვლავ ზედმიწევნით აკვირდება ღმერთს, კვლავ არ იჩენს მისადმი შემწყნარებლობას და სხვა არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ „რჩევებს აძლევს“ მას, „აკრიტიკებს“ მას და „წვრთნის“ მას, თითქოს ძლიერ ეშინია, რომ ღმერთი მცდარ გზას დაადგება, რომ ღმერთი მიწაზე თვითნებური და უგუნურია, ან წინდაუხედავად მოქმედებს, ან მისგან არაფერი გამოვა. ადამიანს ღმერთის მიმართ მუდამ ასეთი დამოკიდებულება აქვს. როგორ შეიძლება, ამან ღმერთს გული არ დაწყვიტოს? ხორცშესხმულმა ღმერთმა უზარმაზარ ტკივილსა და დამცირებას გაუძლო; მაშ, რამდენად უფრო მძიმეა, რომ ღმერთს ადამიანის სწავლებების მიღებაც უწევდეს? ადამიანთა შორის მოსვლამ მას ყოველგვარი თავისუფლება წაართვა, თითქოს ჰადესში იყოს გამომწყვდეული, და მან ადამიანის მიერ გაკვეთაც კი უმცირესი წინააღმდეგობის გარეშე მიიღო. განა ეს სამარცხვინო არ არის? ჩვეულებრივი ადამიანის ოჯახში მოსვლით „იესომ“ უდიდესი უსამართლობა გადაიტანა. კიდევ უფრო დამამცირებელია ის, რომ იგი ამ მტვრიან სამყაროში მოვიდა, თავი ყველაზე დაბალ დონემდე დაიმდაბლა და უაღრესად ჩვეულებრივი ხორცით შეიმოსა. განა უზენაესი ღმერთისთვის უბადრუკ ადამიანად გახდომა ტანჯვა არ არის? და განა იგი ამას კაცობრიობისთვის არ აკეთებს? ყოფილა კი დრო, როცა იგი საკუთარ თავზე ფიქრობდა? მას შემდეგ, რაც იუდეველებმა იგი უარყვეს და სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ხალხმა დასცინა და აბუჩად აიგდო, მას არასდროს დაუჩივლია არც ზეცის გამო და არც მიწის გამო. დღეს ეს ათასწლეულების წინანდელი ტრაგედია კვლავ განმეორდა ამ იუდეველთა მსგავს ხალხში. განა ისინი იმავე ცოდვებს არ სჩადიან? რა აძლევს ადამიანს ღვთის აღთქმების მიღების უფლებას? განა ისინი, ვინც ღმერთს ეწინააღმდეგებიან და შემდეგ მის კურთხევებს იღებენ, ყველანი ადამიანები არ არიან? რატომ არასდროს დგება ადამიანი სამართლიანობის პირისპირ და რატომ არ ეძებს ჭეშმარიტებას? რატომ არასდროს აინტერესებს მას ის, რასაც ღმერთი აკეთებს? სად არის მისი მართლობა? სად არის მისი მიუკერძოებლობა? როგორ ჰყოფნის თავხედობა, რომ ღმერთის წარმომადგენლად გამოვიდეს? სად არის მისი სამართლიანობის გრძნობა? იმ ყველაფრიდან, რაც ადამიანს უყვარს, რამდენი უყვარს ღმერთსაც? ადამიანი მუდამ სიბნელეში ყრის კაშკაშა მარგალიტებს,[7] მუდამ ერთმანეთში ურევს შავსა და თეთრს,[8] თრგუნავს სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას, ხოლო უსამართლობასა და უკეთურებას მაღლა სწევს. იგი განდევნის სინათლეს და სიბნელეში ლაღად ერთობა. ისინი, ვინც ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას ეძებენ, ამის ნაცვლად სინათლეს განდევნიან, ხოლო ისინი, ვინც ღმერთს ეძებენ, მას ფეხქვეშ თელავენ და საკუთარ თავს ცამდე აღაზევებენ. ადამიანი არაფრით განსხვავდება ყაჩაღისგან.[9] სად არის მისი გონიერება? ვის შეუძლია სწორისა და არასწორის გარჩევა? ვის შეუძლია სამართლიანობის დაცვა? ვინ არის მზად, ჭეშმარიტებისთვის იტანჯოს? ადამიანები სასტიკები და ეშმაკისებრ ბოროტები არიან! ღმერთის ჯვარზე გაკვრის შემდეგ ისინი ტაშს უკრავენ და ყიჟინებენ, მათი თავაშვებული შეძახილები კი არ წყდება. ისინი ქათმებსა და ძაღლებს ჰგვანან, ერთმანეთთან გარიგებაში შედიან და ინტრიგებს ხლართავენ, საკუთარი სამეფო აქვთ შექმნილი, მათი ჩარევა არც ერთ ადგილს არ ტოვებს ხელუხლებელს, თვალებს ხუჭავენ და შმაგად, შეუჩერებლად გაჰკივიან; ქათმების კაკანისა და ძაღლების ყეფის ფონზე ირგვლივ ბილწი ატმოსფერო სუფევს, რაც ყველაფერს საკმაოდ „მჩქეფარეს“ ხდის, ხოლო ისინი, ვინც „ჩოჩქოლს უერთდებიან“, ემატებიან და ემატებიან; ყველანი თავიანთი წინაპრების „სახელოვან“ სახელებს მაღლა სწევენ. ამ ძაღლებსა და ქათმებს ღმერთი, დიდი ხანია, გონების უკანა პლანზე ჰყავთ გადატანილი და ღვთის გულის მდგომარეობისთვის არასდროს მიუქცევიათ ყურადღება. გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი ამბობს, ადამიანი ძაღლსა და ქათამს ჰგავს: როცა ერთი ძაღლი ჩრდილს უყეფს, ასი სხვაც ყმუილით აჰყვება. ასე, დიდი აჟიოტაჟით, ადამიანმა ღვთის საქმე დღემდე მოიტანა და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როგორია ღვთის საქმე, არსებობს თუ არა სამართლიანობა, აქვს თუ არა ღმერთს ადგილი ფეხის დასადგმელად, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, რამდენად მდაბალია თავად და რამდენად ბილწია. ადამიანი არასდროს დაფიქრებულა ამდენ რამეზე, არასოდეს შეუწუხებია თავი ხვალინდელ დღეზე ფიქრით და ყველაფერი სასარგებლო და ძვირფასი თავისთვის მოუგროვებია, ღმერთს კი ნარჩენებისა და ნაგლეჯების[10] გარდა არაფერი დაუტოვა. რა სასტიკია კაცობრიობა! იგი არ უფრთხილდება ღვთის გრძნობებს და მას შემდეგ, რაც ყველაფერს, რაც ღმერთს ეკუთვნის, აიღებს და ფარულად გადასანსლავს, ღმერთს შორს, თავის უკან მოისვრის და მის არსებობას აღარანაირ ყურადღებას არ აქცევს. იგი სარგებლობს ღმერთით, თუმცა ეწინააღმდეგება მას და ფეხქვეშ თელავს, მაშინ როცა სიტყვებით ღმერთს მადლობას სწირავს და ადიდებს; იგი ღმერთს ლოცვით ევედრება და მას ეყრდნობა, თუმცა ამავე დროს ატყუებს ღმერთს; იგი „განადიდებს“ ღვთის სახელს და შეჰყურებს ღვთის სახეს, თუმცა ამავე დროს მედიდურად და ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ჯდება ღვთის ტახტზე და განიკითხავს ღვთის „უსამართლობას“; მისი ბაგეებიდან გამოდის სიტყვები, რომ იგი ღმერთის მოვალეა, და იგი უყურებს ღვთის სიტყვებს, თუმცა თავის გულში ღმერთის მიმართ ლანძღვა-გინებას აფრქვევს; იგი „ლმობიერია“ ღმერთის მიმართ, თუმცა ჩაგრავს ღმერთს, ხოლო სიტყვებით ამბობს, რომ ამას ღმერთის გულისთვის აკეთებს; ხელში უჭირავს ღვთის კუთვნილი ნივთები, ხოლო პირით ღეჭავს ღვთის მიერ მისთვის მიცემულ საკვებს, თუმცა ღმერთს ცივ და გულგრილ მზერას მიაპყრობს, თითქოს მისი მთლიანად შთანთქმა სურდეს; იგი უყურებს ჭეშმარიტებას, თუმცა დაჟინებით ირწმუნება, რომ ეს სატანის ხრიკია; იგი უყურებს სამართლიანობას, თუმცა აიძულებს მას, თვითუარყოფად გადაიქცეს; იგი უყურებს ადამიანის საქმეებს და დაჟინებით ირწმუნება, რომ ისინი სწორედ იმას წარმოადგენენ, რაც ღმერთია; იგი უყურებს ადამიანის ბუნებრივ ნიჭს და დაჟინებით ირწმუნება, რომ ის ჭეშმარიტებაა; იგი უყურებს ღვთის საქმეებს და დაჟინებით ირწმუნება, რომ ისინი ამპარტავნებასა და ქედმაღლობას, სიამაყესა და თვითმართლობას წარმოადგენენ; როცა ადამიანი ღმერთს შეჰყურებს, ის დაჟინებით ცდილობს, მას ადამიანის იარლიყი მიაკრას და ყველანაირად ცდილობს, სატანასთან შეკრული ქმნილების ადგილას დააყენოს; მან მშვენივრად უწყის, რომ ეს ღვთის გამონათქვამებია, თუმცა მაინც მხოლოდ ადამიანის ნაწერებად მოიხსენიებს მათ; მან მშვენივრად უწყის, რომ სული ხორცში განხორციელდა, რომ ღმერთმა ხორცი შეისხა, თუმცა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს ხორცი სატანის შთამომავალია; მან მშვენივრად უწყის, რომ ღმერთი თავმდაბალი და ფარულია, თუმცა მხოლოდ იმას ამბობს, რომ სატანა შერცხვენილია, ღმერთმა კი გაიმარჯვა. რა უვარგისები არიან! ადამიანი დარაჯ ძაღლად მსახურების ღირსიც კი არ არის! იგი ერთმანეთისგან ვერ არჩევს შავსა და თეთრს და შავზეც განზრახ იძახის, თეთრიაო. განა ადამიანის ძალებსა და მის მიერ ღმერთის ალყაში მოქცევას შეუძლიათ, აიტანონ ღვთის გათავისუფლების დღე? მას შემდეგ, რაც ადამიანი განზრახ ეწინააღმდეგება ღმერთს, მისთვის უკვე სულერთია და იქამდეც კი მიდის, რომ ღმერთს სიკვდილით სჯის და არ აძლევს მას საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას. სად არის აქ რაიმე სამართლიანობა? სად არის რაიმე სიყვარული? იგი ღმერთის გვერდით ზის, მუხლებზე აგდებს ღმერთს და აიძულებს, პატიება სთხოვოს, დაემორჩილოს მის ყველა მოწყობას, უსიტყვოდ დაჰყვეს მის ყველა მანევრს და ყველაფერში მისი მინიშნებებით იხელმძღვანელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რისხდება[11] და ცოფდება. როგორ შეიძლება ღმერთი მწუხარებით არ იყოს მოცული სიბნელის ასეთი ზემოქმედების ქვეშ, რომელიც შავს თეთრად წარმოაჩენს? როგორ შეიძლება იგი არ წუხდეს? რატომ არის ნათქვამი, რომ როცა ღმერთმა თავისი უახლესი საქმე დაიწყო, ეს ცისა და მიწის შექმნის საქმეს ჰგავდა? ადამიანის საქმეები ასე „მდიდარია“: „ცოცხალი წყლის მუდამ მომდინარე წყარო“ განუწყვეტლივ „კვლავ ავსებს“ ადამიანის გულის მინდორს, ხოლო ადამიანის „ცოცხალი წყლის წყარო“ ყოველგვარი მორიდების გარეშე[12] ებრძვის ღმერთს; შეურიგებლად ეწინააღმდეგება მას და ყოველგვარი შედეგის გაუთვალისწინებლად ღვთის ნაცვლად ამარაგებს ადამიანებს, ადამიანი კი მასთან თანამშრომლობს ისე, რომ საერთოდ არ ფიქრობს ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. და რა შედეგი მოაქვს ამას? იგი ცივად გვერდზე მოისვრის ღმერთს და შორს აყენებს მას, იქ, სადაც ადამიანები ყურადღებას არ მიაქცევენ, რადგან ძლიერ ეშინია, რომ ღმერთი მათ ყურადღებას მიიპყრობს, ძლიერ ეშინია, რომ ღვთის ცოცხალი წყლის წყარო ადამიანს მიიზიდავს და მოიპოვებს მას. ამგვარად, ამქვეყნიურ საქმეებში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, იგი ღმერთის წინააღმდეგ შეთქმულებებსა და ინტრიგებს აწყობს და ღმერთს თავისი დაგმობის სამიზნედაც კი აქცევს. თითქოს ღმერთი მის თვალში მოხვედრილი მორი გამხდარიყო, და მას სასოწარკვეთილად სურს, ღმერთს ხელი ჩაავლოს და ცეცხლში მოათავსოს, რათა გამოაწრთოს და განწმინდოს. როცა ხედავს, რომ ღმერთი თითქოს უხერხულ მდგომარეობაშია, ადამიანი სიცილით იხევა, სიხარულით ცეკვავს და ამბობს, რომ ღმერთიც გამოწრთობაში ჩააგდეს, და რომ იგი სრულად გამოწვავს ღვთის არაწმიდა მინარევებს, თითქოს მხოლოდ ეს იყოს გონივრული და საღი, თითქოს მხოლოდ ეს წარმოადგენდეს ზეცის სამართლიან და გონივრულ გზას. ისე ჩანს, თითქოს ადამიანი ამ სულმდაბალ და სასტიკ საქციელს განზრახ სჩადის, თუმცა ამავე დროს უნებლიეთაც. ადამიანი ამჟღავნებს როგორც თავის მახინჯ სახესა და საზარელ, ბინძურ სამშვინელს, ისე მათხოვრის საცოდავ იერს; მას შემდეგ, რაც ყველგან თავაშვებულად თარეშობს, სავალალო იერს იღებს და ზეცას პატიებას ევედრება, თან უკიდურესად საცოდავი მოპსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ადამიანი მუდამ მოულოდნელად იქცევა, მუდამ „ვეფხვის ზურგზე ჯდება, რათა სხვები შეაშინოს“,[a] მუდამ რაღაც როლს თამაშობს, ოდნავადაც არ ითვალისწინებს ღვთის გულს და არც კი ადარებს თავის საქციელს საკუთარ სტატუსს. იგი უბრალოდ ჩუმად ეწინააღმდეგება ღმერთს, თითქოს ღმერთი მას არასწორად მოექცა და ასე არ უნდა მოპყრობოდა, თითქოს ზეცას თვალები არ ჰქონდეს და განზრახ ურთულებდეს მას ყველაფერს. ამგვარად, ადამიანი მუდამ ფარულად აწყობს ბოროტ შეთქმულებებს და ოდნავადაც არ ამსუბუქებს ღვთისადმი თავის მოთხოვნებს; მტაცებლური მზერით აკვირდება და გააფთრებით მისჩერებია ღვთის ყოველ მოძრაობას, არასდროს უფიქრია, რომ თავად არის ღვთის მტერი, და იმედოვნებს, რომ დადგება დღე, როცა ღმერთი გაფანტავს ნისლს, ყველაფერს ნათელს მოჰფენს, „ვეფხვის ხახიდან“ იხსნის მას და აღმოფხვრის მის მიმართ ჩადენილ უსამართლობას. დღესაც კი ადამიანები ჯერ კიდევ არ ფიქრობენ, რომ ღმერთის წინააღმდეგობის იმავე როლს ასრულებენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამდენი ადამიანი ასრულებდა; საიდან უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერში, რასაც აკეთებენ, დიდი ხანია გზას ასცდნენ და რომ ყველაფერი, რაც მათ ესმოდათ, დიდი ხანია, ზღვებმა ჩაყლაპა.
ვის მიუღია ოდესმე ჭეშმარიტება? ვინ შეჰგებებია ოდესმე ღმერთს გაშლილი ხელებით? ვის უსურვია ოდესმე სიხარულით ღვთის გამოჩენა? ადამიანის ქცევა დიდი ხანია გაიხრწნა, მან დიდი ხანია ღვთის ტაძარი ისე შებილწა, რომ მისი ცნობა შეუძლებელია. ამასობაში ადამიანი კვლავ აგრძელებს საკუთარ საქმეს და ღმერთს საერთოდ არ ითვალისწინებს. თითქოს მისი ღვთისადმი წინააღმდეგობა ფესვგადგმული და უცვლელია, რის გამოც მას ურჩევნია, დაწყევლილი იყოს, ვიდრე დაუშვას, რომ მისი სიტყვები და ქმედებები კიდევ უფრო შეიზღუდოს. როგორ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს ღმერთის შეცნობა? როგორ შეუძლიათ მათ ღმერთთან სიმშვიდის პოვნა? და როგორ შეიძლება, ისინი ღირსნი იყვნენ, ღვთის წინაშე წარდგნენ? უდავოდ, არაფერია ცუდი იმაში, რომ ადამიანი თავს უძღვნიდეს ღვთის მართვის გეგმას — მაგრამ რატომ გადააქვთ ადამიანებს მუდამ გონების უკანა პლანზე ღვთის საქმე და ღვთის ყოველივე, მაშინ როცა უანგაროდ გასცემენ საკუთარი გულის სისხლს? ადამიანთა უანგარო თავდადების სული უდავოდ ძვირფასია — მაგრამ საიდან უნდა იცოდნენ მათ, რომ მათ მიერ „დართული აბრეშუმი“ სრულიად უძლურია, წარმოაჩინოს ღვთის არსება? ადამიანთა კეთილი განზრახვები უდავოდ ძვირფასი და იშვიათია — მაგრამ როგორ შეუძლიათ მათ „ფასდაუდებელი განძის“[13] გადაყლაპვა? ყოველი თქვენგანი უნდა დაფიქრდეს თქვენს წარსულზე: რატომ არასდროს ყოფილხართ თავისუფალი ულმობელი გაკიცხვისა და წყევლისგან? რატომ არიან ადამიანები მუდამ ასეთ „ახლო ურთიერთობაში“ დიდებულ სიტყვებსა და სამართლიან განკითხვასთან? ნუთუ ღმერთი მართლაც გამოცდის მათ? ნუთუ ღმერთი განზრახ გამოწრთობს მათ? და როგორ შედიან ადამიანები გამოწრთობის შუაგულში? ნუთუ მათ მართლაც იციან ღვთის საქმე? რა გაკვეთილები ისწავლეს ადამიანებმა ღვთის საქმიდან და საკუთარი შესვლიდან? ნუ დაივიწყებენ ადამიანები ღვთის შეგონებას, ჰქონდეთ გამჭრიახობა ღვთის საქმის მიმართ, ნათლად გაარჩიონ იგი და სათანადოდ წარმართონ საკუთარი შესვლა.
სქოლიო:
1. „აოხრება“ - გამოიყენება კაცობრიობის ურჩობის გამოსავლენად.
2. „მრისხანედ შეკრული წარბები და ათასი თითის ქნევით ცივი დაუმორჩილებლობა დახვდა, ადამიანებისთვის მორჩილი ხარივით, თავდახრილი მსახურება“ თავდაპირველად ერთი წინადადება იყო, მაგრამ აქ, მეტი სიცხადისთვის, ორ წინადადებად არის გაყოფილი. წინადადების პირველი ნაწილი ადამიანის ქმედებებს ეხება, ხოლო მეორე მიუთითებს ღვთის მიერ გადატანილ ტკივილზე და იმაზე, რომ ღმერთი თავმდაბალი და ფარულია.
3. „ცრურწმენა“ ადამიანთა ურჩ საქციელს აღნიშნავს.
4. „სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდება“ ადამიანთა ურჩ საქციელს აღნიშნავს. ისინი საკუთარ თავს მაღლა აყენებენ, სხვებს ბორკავენ, აიძულებენ, გაჰყვნენ მათ და მათთვის იტანჯონ. ისინი ღმერთისადმი მტრულად განწყობილი ძალები არიან.
5. „მარიონეტი“ გამოიყენება მათ დასაცინად, ვინც ღმერთს არ იცნობს.
6. „ზვავივით მზარდი“ გამოიყენება ადამიანთა საზიზღარი საქციელის ხაზგასასმელად.
7. „სიბნელეში ყრის კაშკაშა მარგალიტებს“ მიუთითებს იმაზე, როცა ადამიანები ღვთის განზრახვებს სატანურ რამეებად ამახინჯებენ; ფართო მნიშვნელობით, ეს ეხება ყველა ისეთ საქციელს, რომლითაც ადამიანები ღმერთს უარყოფენ.
8. „ერთმანეთში ურევს შავსა და თეთრს“ გულისხმობს ჭეშმარიტებისა და ილუზიების, ასევე სამართლიანობისა და სიმახინჯის ერთმანეთში არევას.
9. „ყაჩაღი“ გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ ადამიანები უგუნურები არიან და გამჭრიახობა აკლიათ.
10. „ნარჩენები და ნაგლეჯები“ გამოიყენება ისეთი საქციელის აღსანიშნავად, რომლითაც ადამიანები ღმერთს ჩაგრავენ.
11. „რისხდება“ გულისხმობს ადამიანის მრისხანე და გაღიზიანებულ მახინჯ სახეს.
12. „მორიდების გარეშე“ გულისხმობს იმას, როცა ადამიანები წინდაუხედავად იქცევიან და საერთოდ არ გააჩნიათ ღვთისმოშიში გულები.
13. „ფასდაუდებელი განძი“ ღვთის ყოველივეს აღნიშნავს.
a. ეს ითარგმნა წყაროს ტექსტში გამოყენებული „hú jiǎ hǔ wēi“-ს მიხედვით, რომელიც ჩინური იდიომაა. იგი ეხება ამბავს მელაზე, რომელიც სხვა ცხოველებს აფრთხობს იმით, რომ ვეფხვთან ერთად დადის და ამგვარად „იყენებს”იმ შიშსა და ავტორიტეტს, რომელსაც ვეფხვი იწვევს. აქ ეს მეტაფორა გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც სხვის ავტორიტეტს „იყენებენ”, რათა სხვა ადამიანები შეაშინონ ან ჩაგრონ.